Wednesday, December 28, 2011

გადაცემა "სპიკერი"

არ ვიცი სწორად ვიქცევი თუ არა როდესაც ამას ვწერ მაგრამ ვხვდები რომ უნდა ითქვას. შეიძლება ბევრმა "hate speech"-ად ჩამითვალოს, თუმცა ეს ნაკლებად მადარდებს. განსაკუთრებით მადარდებს თუ წაიკითხავენ ის ახალგაზრდები, ვიზეც დღეს ვწერ და ძალიან ხომ არ ვატკენ მათ გულებს. არ ვიცი, შეიძლება მათთვის ჩემი ნათქვამი მტკივნეული იყო, შეიძლება ბევრ მათგანს გულთან ახლოს მიაქვს ის სიტყვები, რომლებიც ამ გადაცემაზე წარმოთქვეს და შეიძლება საკუთარი ახალგაზრდული ოპტიმიზმით თვლიან რომ მნიშვნელოვან საქმეს აკეთებენ და მე ჩემი კრიტიკით მათ იმედებს ვართმევ, მაგრამ იმედი მაქვს რომ ამ ადამიანებს უკვე კარგი განსჯის მანერა ჩამოუყალიბდათ და კონსტრუქციული კრიტიკის გამო გული არ აუცრუვდებათ მომავალზე.
მოკლედ მინდა გადაცემა "სპიკერზე" ვისაუბრო.

პრინციპში ბავშვების საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, ძირითადად მინდა გადაცემას შევეხო, გადაცემის მიზნებს, რადგან ჩემი აზრით ნებისმიერ აქტივობას თავისი დანიშნულება უნდა ჰქონდეს და მე მივხვდი რომ ამ გადაცემის მიზნებს არაფერი საერთო არ ჰქონდა იმ პრობლემებთან, რაზეც ბავშვები ასე გულმხურვალედ საუბრობდნენ. უპატრონო და უნარშეზღუდული ბავშვების პრობლემა იყო განხილული ბოლო გადაცემაში. ამ გადაცემას ხალხი უნდა დაეფიქრებინა საკუთარ ქმედებებზე (თუ უმოქმედობაზე), საზოგადოებამდე მოეტანა ის პრობლემები რაც ნამდვილად დღევანდელ საქართველოში არის, თუმცა სულ სხვანაირად მოხდა და ეს ერთ-ერთი მიზეზია რის გამოც ასე ძალიან მძულს მასმედია. მაყურებლები გადაიქცნენ სპიკერი ბავშვების გულშემატკივრებად. მაყურებლებს ნაკლებად ადარდებდათ ის პრობლემები, რაზეც ბავშვები საუბრობდნენ, ძირითადად დაინტერესებული იყვნენ იმით, თუ როგორ საუბრობდნენ ეს ბავშვები ამ პრობლემებზე, რამდენად გამართულად მეტყველებენ, რამდენად გულახდილად, რამდენად აქვთ განვითარებული ორატორული ნიჭი.

პრინციპში გადაცემა ამაზეც იყო მიმართული, ჩამოეყალიბებინათ კარგი ორატორული ნიჭის მქონე ახალგაზრდები, რომლებიც შეძლებენ მაყურებელი გაართონ ცოტა ხნით, გამოვიდეს კარგი თოქშოუ, სადაც ძალიან მომგებიანი იქნება ამა თუ იმ დაწესებულების ან პროდუქტის რეკლამის ჩართვა და რაც მთავარია დატვირთული იქნება დღევანდელი პრობლემებით და ხალხი ყურების დროს ცოტა წირპლებს გადმოყრის, გულს მოიოხებს და გააგრძელებს ყოველდღიურ ცხოვრებას.

ერთი კითხვა ჩნდება: გვჭირდება კი დღეს ორატორები? სჭირდება თუ არა ოცდამეერთე საუკუნეს ორატორები? გვჭირდება თუ არა მოხდენილად მოსაუბრე ადამიანები რომელთა ლამაზად შეფუთული მიზანი "ყოველდღიური პრობლემების ადამიანებთან მიტანაა" თუმცა რეალურად საპირისპიროს, საზოგადოებაში არსებული დაძაბულობის გაფანტვას, გულის მოოხებას და საზოგადოების მშვიდ ძილს ემსახურება?

შეიძლება ე.წ. "განათლებისტები" შემომედაონ და მითხრან რომ ძალიან მნიშვნელოვანია ახალგაზრდებისთვის სწორი აზროვნების უნარის, აზრების ნათლად და რაც მნიშვნელოვანია ეფექტურად ჩამოყალიბების უნარის განვითარება მაგრამ ვერავინ დამარწმუნებს რომ ბავშვების იუმორით შეზავებული, საზოგადოებისთვის ადვილად მისაწვდომი,ყოველდღიური მაგალითების ჩართვით გაცოცხლებული, ღრმად ჩამაფიქრებელი, სხვადასხვა ავტორიტეტული პიროვნების ბრძნული გამონათქვამებით გამდიდრებული სიტყვები სწორედ ამ მიზანს ემსახურება.

ქართულმა მედიამ მრავალწლიანი მცდელობის შედეგად შეძლო შეექმნა გადაცემა, რომელიც საზოგადოებას საშუალებას აძლევს მშვიდ დინებაზე მიუშვას არსებული პრობლემები და საკუთარი თანამონაწილეობა პრობლემების გადასაწყვეტად, მარტივად, ტელევიზორის წინ წამოწოლილებმა, პოპკორნის ყუთით ხელში მიიღოს.

ბრავო!!

Friday, December 9, 2011

სერტიფიცირებულ პედაგოგთა ტრენინგები ვირტუალურ ლაბორატორიაში.

გუშინ წინ დამირეკეს მობილურზე. ქალბატონის სასიამოვნო ხმამ მამცნო რომ შაბათს, 12 საათზე, მინდელის 9 ნომერში ტრენინგია სერტიფიცირებული მასწავლებლებისთვის. ტრანსპორტში ვიყავი და ზუსტად ვერ გავიგე რა ტრენინგი იყო. დრო და მისამართი ჩავიწერე და ვიფიქრე რომ ინფორმაციას ინტერნეტში მოვიძიებდი ტრენინგის შესახებ. ქალბატონს ვთხოვე ინფორმაცია მაილზე გადმოეგზავნათ მაგრამ მიპასუხა რომ ყველა პედაგოგს ტელეფონით უნდა დაკავშირებოდა და მაილის წერის დრო არ ჰქონდა.

დღენახევარი ვიქექებოდი ინტერნეტში და ვერანაირ დაგეგმილ ტრენინგს ვერ წავაწყდი, ყველა საიტი გადავქექე სადაც სიტყვები: "განათლება", "პროფესიული განვითარება" , "ეროვნული გამოცდები", "ეროვნული სასწავლო გეგმა", "განათლების ხარისხი", "განათლების ინფრასტუქტურა", იყო ნახსენები მაგრამ შედეგი 0.

ვრეკავ განათლების სამინისტროში რომ გავიგო ზუსტად რა ტრენინგია, რას ემსახურება, რამდენი დრო სჭირდება.

მპასუხობენ რომ არაფერი მსგავსი არ იციან.

მაშინ ვთხოვ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ტელეფონი მომცენ რომ იქნებ მათთან გავაკრვიო.

მპასუხობენ რომ ამ ორგანიზაციას სამზუხაროდ ჯერ-ჯერობით ტელეფონი არა აქვთ (??) და მირჩევენ ეროვნული სასწავლო გეგმების ცენტრში დავრეკო.

ვრეკავ "ეროვნული სასწავლო გეგმების ცენტრში".

მპასუხობენ რომ ტრენინგი ინდივიდუალურია და სავარაუდოდ 5 საათამდე გრძელდება. მეკითხებიან რომელ სკოლაში ვმუშაობ. ვპასუხობ რომ კერძო სკოლაში. ბოდიშს მიხდიან და მეუბნებიან რომ ეს ტრენინგი, რაც მათთან მიმდინარეობს კერძო სკოლებს ჯერ-ჯერობით არ ეხება და სხვა ტრენინგების შესახებ არანაირი ინფორმაცია არა აქვთ. ვერ მეუბნებიან ვის შეიძლება დავუკავშირდე.

ნახევარსაათიანი ძებნის შემდეგ ვპოულობ შემოსულ ზარს ჩემს მობილურ ტელეფონში და ვრეკავ. აღმოჩნდა რომ ეს "გამოცდების ეროვნული ცენტრის" ტელეფონია. ვუყვები გუშინდელი ზარის შესახებ და ვეკითხები დაწვრილებით ინფორმაციას ტრენინგის შესახებ.

გოგონა გაოცებული მისვამს კითხვებს: - დარწმუნებული ხართ რომ ზარი ჩვენგან შემოვიდა? მე არანაირი ინფორმაცია მსგავსი ტრენინგის შესახებ არა მაქვს.

ვპასუხობ რომ აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ რომ ზარი მათგან იყო, რადგან შემომავალი ნომერი დაფიქსირებულია ჩემს მობილურ ტელეფონში. მაშინ მეუბნებიან შიდა ნომერს სადაც შემიძლია გადავრეკო და გავარკვიო ამ ინფორმაციის შესახებ.

ვრეკავ იმავე ნომერზე, ვკრიფავ შიდა ნომერს. ქალბატონს ვუსვამ შეკითხვებს ამ ტრენინგის შესახებ. ქალბატონი როგორც ეტყობა გვერდით მჯდომ სხვა ქალბატონს უსვამს იმავე შეკითხვებს და შემდეგ მპასუხობს. მეუბნებიან რომ ტრენინგს ვინმე :ბიოლოგების ჯგუფის ხელმძღვანელი ატარებს". ვეკითხევი რა მიზანი აქვს ტრენინგს და რა დადებით გავლენას მოახდენს ჩემს კარიერაზე ტრენინგის გავლა. ქალბატონი იბნევა. გვერდზე მჯდომი ქალბატონი უხეშად იძახის: - ვინ არის, რა შეკითხვებს სვამს, რაში აინტერესებს?

ვეკითხები რამდენ ხანს გაგრძელდება ტრენინგი. გვერდზე მჯდომი ქალბატონი უკვე გაბრაზებული ყვირის
-მომეცი ეგ ტელეფონი აქეთ. რა გაინტერესებთ ქალბატონო?
-იქნებ ზუსტად მითხრათ რა ტრენინგია, რას ემსახურება-ვეკითხები მე
-ვირტუალური ლაბორატორიის ტრენინგია, განახებენ პროგრამას, როგორ მუშაობს.
-რამდენ ხანს გაგრძელდება?
-მე რა ვიცი ქალბატონო რამდენ ხანს გაგრძელდება, მიბრძანდით და ნახავთ.
-იქნებ ზუსტად მითხრათ რა უპირატესობა ექნება ტრენინგის გავლას?
და საშინლად გამაღიზიანებელი, შეურაცხმყოფელი ტონით ქალბატონი მპასუხობს:
-რა შეკითხვებს მისვამთ, მე ხომ უკვე გითხარით რაც იქნება. დრო არ ვიცი რამდენ ხანს გაგრძელდება, ამიტომაც თავად უნდა მიბრძანდეთ და ნახოთ. (ქვეტექსტი - შენ თუ პროვოკატორი არ ხარ აქ რას რეკავ, მიდი და გაიგე რაც ხდება, ხომ ხედავ ჩვენ თვითონ არაფერი ვიცით).

I'm as MAD as HELL
and I'm NOT going to take this ANYMORE!"
THINGS have GOT to CHANGE my friends!!!!!!