Tuesday, October 12, 2010

მეტრომანი

არ ვიცი ეს ჩემი ბრალია, ტელევიზორს რომ არ ვუყურებ თუ სხვისი, მეტროსადგურებში რომ არ გამოაკრეს განცხადება და არ აგვიხსნეს ნორმალურად რომ ჟეტონები უქმდება და მეტრომანის აღება სავალდებულოა თორემ ხომ ავიღებდი იმ უფასო ბარათს, როცა არიგებდნენ მეტროებში. ვიფიქრე რად მინდა ბარათი, მეტროში ისედაც ათასში ერთხელ ჩავდივარ და ჟეტონებს ავიღებ მეთქი. მოკლედ დღეს ჩავდივარ მეტროში და ჟეტონები არ არის. გაუქმდაო გამოაცხადეს. ჯერ გამყიდველს ვემათხოვრე, სადმე 1 ცალი ჟეტონი შემორჩენილი ხომ არ გექნებათ, არ მაქვს მეტრომანის საყიდელი ფულითქო. (3 ლარი ჯიბეში რომ მდებოდა მეტროში კი არ ჩავიდოდი). ქალმა უარი მითხრა. მერე პირდაღებული რომ დამინახა შევეცოდე ეტყობა და მეუბნება: ვინმე გამვლელს ვისაც მეტრომანი აქვს სთხოვე გაგიყვანოს და ეგ 40 თეთრი იმას მიეციო.
ქართველ ქალებს რომ თანაგრძნობის უნარი 0-ზე აქვთ დასული დღეს საბოლოოდ დავასკვენი. თხოვნით რომ მივდიოდი რომელიმესთან ჩემი 40 თეთრით ხელში, ისე გარბოდნენ, თითქოს ციგანი მათხოვრის ბავშვი ვიყავი ტალახის გუნდით ხელში და კაბაზე ვეკიდებოდი. (აბა ერთი უცხოელი ვყოფილიყავი, მეტროს ფულსაც გადამიხდიდნენ, სუფრასაც გამიშლიდნენ, მერე თავიანთ უბედურებაზე მომიყვებოდნენ და მთხოვდნენ - იქნებ ჩვენს ნათესავს დაეხმარო, მიწვევა გამოუგზავნო, კარგი მშრომელი ბიჭია და საქართველოში იღუპებაო.)
მოკლედ ბოლოს ერთ მამაკაცს მივმართე იმავე თხოვნით
- მეტრომანი არ მაქვს მაგრამ 40 თეთრი მაქვს,ჟეტონები გაუქმებულა, თქვენ თუ გაქვთ გამიყვანეთ და ამ 40 თეთრს თქვენ მოგცემთ მეთქი. დამთანხმდა მაგრამ მოხდა რასაც ველოდი. ქართულმა გენმა გაიმარჯვა ლოგიკაზე ფულის გამორთმევაზე უარი მითხრა (დამპატიჟა რა...). აი ამ ჯერზე უკვე ნამდვილად ვიგრძენი თავი ციგანი მათხოვრის ბავშვად (გავიფიქრე, იქნებ ცოტა წამემღერა კიდევაც, 40 თეთრზე მეტს გამოვიმუშავებდი მეთქი).

პოსტს ვამთავრებ მრავალსართულიანი გინებით მეტროს მესვეურების მიმართ, რომლებიც გვიზღუდავენ არჩევანის თავისუფლებას მეტრომანსა და ჟეტონებს შორის და წინააღმდეგ შემთხვევაში თავს ციგნის მათხოვრად გვაგრძნობინებენ!!!!