Monday, June 7, 2010

რჩევები, როგორ უნდა ავამაღლოთ კლასის წარმატებისა და წარჩინების პროცენტული მაჩვენებლები.

ეს არაჩვეულებრივი რჩევები ჩემი, როგორც მასწავლებლის, კრახით ჩავარდნის შემდგომ (წარმატება - 59%, წარჩინება 20%) მომცეს ჩემმა გამოცდილმა კოლეგებმა, რის შემდგომაც დაუყოვნებლივ დავტოვე ეს სკოლა. მოკლედ რომ ვთქვათ, ეს მოხდა პედსაბჭოზე, როდესაც ჩემი მონაცემები მოვიტანე და უნდა განგვეხილა. ერთმა კოლეგამ დახედა ჩემს მონაცემებს და უსიამოვნებები მიწინასწარმეტყველა. მე გამიკვირდა (რადგან ჩემი აზრით საკმაოდ რეალური მონაცემები იყო და საკმაოდ პროგრესული იმასთან შედარებით რა სიტუაციაც დამხვდა სკოლაში მუშაობის დაწყების დროს ჩემს საგანში, მაგრამ მოგვიანებით, პედსაბჭოს მიმდინარეობისას მივხვდი ჩემს შეცდომას. მასწავლებლების თითქმის 99%-მა აბსოლუტურად განსხვავებული ციფრები წარმოადგინა (წარმატება 100%, წარჩინება 60% ?!) ხოლო, იმ 1%-ს, რომლებმაც ასეთი დაბალი შედეგები აჩვენა რამოდენიმე თვის მუშაობის შემდეგ მივეკუთვნებოდით ახალგაზრდა, "გამოუცდელი" მასწავლებლები. ასეთი ციფრების მოსმენის შემდეგ გაოცებული მივუტრიალდი უფრო გამოცდილ კოლეგას და ვკითხე "საიდუმლო", რომლითაც შეიძლება ასეთ შედეგებს მიაღწიო. მოცემულ რჩევები, საკმაოდ უცნაურად ჯღერდა.
წარმატება და წარჩინება ძირითადად გამოითვლება გამოცდაზე მიღწეული შედეგებით. შედარებით პროგრესულ სკოლებში გამოცდაზე თავად საგნის მასწავლებლები არ არიან დაშვებულნი და ტარდება კომისიის მიერ, ასე რომ მიღებული ქულები რათქმაუნდა რეალობას ასახავს, მაგრამ რაც შეეხება ნაწერების შესწორება და ქულების დაწერა სრულიად საგნის მასწავლებლის კომპეტენციაშია. მასწავლებელს მიაქვს ნაწერები სახლში, აკეთებს შესწორებებს ტესტში (რაც საკმაოდ მარტივია, რადგან შემდგომ ეს ტესტები არ მოწმდება კომისიის მიერ, ასე რომ შეგიძლია გადაუხაზო ბავშვს შემოხაზული პასუხი და თავიდან შემოუხაზო, ან შეიძლება არც გააკეთო ეს და მხოლოდ დადებითი ქულა დაწერო არასწორ პასუხზე. ეს განსაკუთრებით ადვილია საბუნებისმეტყველო საგნებში მაგ: ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგია, რადგან ტესტის გადამოწმებისას ამ საგნების მასწავლებლების მონაწილეობაა საჭირო, ხოლო სკოლებში ამ საგნების საათების სიმცირის გამო მხოლოდ ერთი ან მაქსიმუმ 2 მასწავლებელია, რომელთანაც მოლაპარაკება ადვილია.)
მოკლედ რომ ვთქვა პედსაბჭოზე ჩემი მონაცემები უპრობლემოდ მიიღეს მაგრამ გამოცდილი პედაგოგის ნაწინასწარმეტყველევი უსიამოვნებები თავიდან არ ამცდა, როდესაც დირექტორმა დიდი სიამაყით შემატყობინა რომ მისი მასწავლებლების 99%-ს მაღალი შედეგები აქვს და მსგავსი შედეგები ისეთ მოწესრიგებულ სკოლაში, როგორც ეს სკოლაა, არ უნდა ჩანდეს. (აქ დანარჩენ მაგიდაზე მუშტის ბრახუნს, გულზე ხელების ცემას და პატრიოტულ პათოსს გამოვტოვებ, რომელიც თავს დამატყდა).
აქ ჩემმა გამოუცდელობამ იმძლავრა, თავი ვეღარ შევიკავე და პირდაპირ განვასხადე რომ ჩემი მონაცემები აბსოლუტურად სწორია და ეჭვი მეპარება ასევე სწორი იყოს იმ სხვა მასწავლებლების მონაცემები, რადგან მე ყოველდღე შევდივარ მოსწავლეებთან და ვხედავ მათ დონეს სხვა ზუსტ და საბუნებისმეტყველო საგნებში და ეს ძალიან შორს დგას, არა მხოლოდ 100%, არამედ თუნდაც 50 % წარმატებასთან.
სულელი, გამოუცდელი პედაგოგი!!
ამის ხმამაღლა თქმით შეურაცხყოფილმა დირექციამ,იმის მაგივრად სწავლის დონის ამაღლებასა და მოსწავლეების დაინტერესების გაზრდის მეთოდებზე ესაუბრა, საგამოცდო მარათონი დანიშნა ჩემსა და სხვა საგნებს შორის.
ეს უნდა ყოფილიყო შეჯიბრება შეჯიბრება სახლში გადაკეთებული მიშნების წერაში!
აქ უნდა დაწერილიყო მსოფლიოში ყველაზე მეტი დაუმსახურებელი ნიშანი, რაც კი დაუწერია კორუმპირებულ მასწავლებლებს!
და ეს უნდა გაკეთებულიყო სამუშაო ადგილების შესანარჩუნებლად!
მასწავლებლები მზად იყვნენ მთელი მომავალი თაობისთვის წაერთმიათ განათლება, წაერთმიათ საკუთარი თავის იმედი, წაერთმიათ ცნობის წადილი, წაერთმიათ მომავალი და კარიერა, წართმიათ უკეთესი ცხოვრების შესაძლებლობა,იმ საკუთარი სამუშაო ადგილის შენარჩუნების გულისთვის, რომელზეც მუდამდღე წუწუნებენ დაბალი ანაზღაურების გამო!
ვაშა მეგობრებო, მე წამოვედი სკოლიდან!
გამოცდა მარათონი არ ჩატარებულა!
თუმცა ვინ იცის, ასეთი მარათონები ყოველდღე ტარდება სკოლებში.